ფიზიკური თერაპია

ბიო-იდენტური სასიგნალო თერაპია

აღნიშნული თერაპიის მიზანია, მოახდინოს ორგანიზმის ბუნებრივი ფუნქციის (დამცველობითი და აღდგენითი) გაძლიერება ბიო-იდენტური სიგნალის მეშვეობით. ამ უკანასკნელის გადაცემა ორგანიზმში ინოვაციური აპარატის დახმარებით ხდება, რის შედეგადაც იზრდება უჯრედის აქტივობა, რაც ხელს უწყობს მის რეგენერაციას. ბიო-იდენტური სასიგნალო თერაპია ახდენს დაავადებების პრევენციას და ანელებს დაბერების პროცესს, ასევე აძლიერებს იმუნურ სისტემას.

 

დერმოტონია

კანზე განსაკუთრებული სამასაჟე საცმებისა და რეგულირებადი ვაკუუმის ზემოქმედებით ხდება:

სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება კაპილარულ დონეზე და შედეგად კანის გაახალგაზრდავება;

ლიმფოდრენაჟის გაუმჯობესება, შეშუპების მოხსნა, ღრმა ნაოჭების გადასწორება;

კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილზე ზემოქმედება და ცელულიტის მოდელირება და შემცირება.

 

ულტრაბგერითი კავიტაცია  

ცხიმოვან უჯრედებზე დაბალი სიხშირის ულტრაბგერების მოქმედების პრინციპზე დამყარებული კავიტაციის თანამედროვე ტექნოლოგია ფართოდ გამოიყენება ცელულიტის სამკურნალოდ, ჭარბი ცხიმოვანი ქსოვილის შესამცირებლად და ლიპოსაქციის შემდგომი დეფექტების გასასწორებლად.

 

იმპულსური მაგნიტური თერაპია

სამ განსხვავებულ რეჟიმში (ბუნებრივი, აქტიური და სარელაქსაციო) მომუშავე იმპულსური მაგნიტური თერაპიის თანამედროვე ტექნოლოგია უჯრედული და სისტემური ეფექტებით გამოირჩევა. იგი ხელს უწყობს უჯრედის ენერგეტიკულ უზრუნველყოფას, ასტიმულირებს თვითრეგულაციის მექანიზმებს, ამცირებს თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელ მოქმედებას და აძლიერებს დაცვით შესაძლებლობებს. სისტემურ დონეზე იმპულსური მაგნიტური თერაპია აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აძლიერებს იმუნური სისტემის ფუნქციას და ზრდის ორგანიზმის ფიზიკურ და მენტალურ შესაძლებლობებს. იგი ხელს უწყობს მოდუნების პროცესს, სტრესის მოხსნას და ჯანსაღ ძილს. გააჩნია ანალგეზიური ეფექტიც.

 

RF-ლიფტინგი

კანის ლიფტინგის უნიკალური ტექნოლოგია რადიოსიხშირული ენერგიის საშუალებით იწვევს კანის ღრმა შრეებში ტემპერატურის ზრდას და ელასტიურობის განმაპირობებელი კოლაგენის მოლეკულების განლაგების სიმკვრივის მატებას, რის შედეგადაც კანი უფრო მკვრივი, ელასტიური და დაჭიმული ხდება. RF-ლიფტინგი კანის ე.წ. გაახალგაზრდავების ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა.

 

თერმო-შეფუთვა

ინდივიდუალურად შერჩეული, მცენარეული ზეთებისა და ნაყენების გამოყენებით წარმოებული თერმო-შეფუთვა ასტიმულირებს ქსოვილებიდან ზედმეტი სითხის გამოტანას და განაპირობებს სხეულის მასის შემცირებას. ეს პროცედურა ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას, ზრდის კანის ელასტიურობას და ხელს უწყობს სხეულის გალამაზებას.

თბილი ტალახის სახვევების გამოყენება შესანიშნავ ეფექტს იძლევა მეტაბოლიზმის პროცესების გაძლიერების თვალსაზრისით. იგი ხელს უწყობს ორგანიზმის დეტოქსიკაციას, კანის  ტონუსის აღდგენას და ნივთიერებათა ცვლის გააქტიურებას.

 

ფიტოაბაზანები

აბაზანები ბუნებრივი გოგირდის გამოყენებით;

მტკნარი წყლის წყალმცენარეების აბაზანები: წყალი და მტკნარი წყლის წყალმცენარეები;

სამკურნალო მცენარეების აბაზანები, რომლებშიც გამოიყენება შემდეგი ინგრედიენტები: ორკბილა, სელის მარცვლები, გვირილა, ევკალიპტი, ქაფური, დაფნა, შვიტა, ჭინჭარი, ოშოშა, კიპარისი.

სამკურნალო ბალახებისა და მცენარეების აბაზანები ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი და უსაფრთხო სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალებაა, რომლის მოქმედებაც მიმართულია ორგანიზმის დაცვითი უნარის და მავნე ფაქტორების ზემოქმედების მიმართ მდგრადობის ზრდისკენ. ფიტოაბაზანები ხელს უწყობს ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემების რეგულაციას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და კუნთოვან ტონუსს.

ფიტოაბაზანები, სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებისა და კანის ფორების გაფართოების მეშვეობით, ორგანიზმში ქმნის ბუნებრივი წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ადვილად შეღწევის პირობებს. სწორედ ამიტომ, ფიტოაბაზანას ორგანიზმზე არა მარტო ლოკალური (ადგილობრივი), არამედ ზოგადი ზემოქმედების უნარიც გააჩნია.  იგი სწრაფად ხსნის დაღლილობას, სტრესს, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, აახალგაზრდავებს და ასუფთავებს კანს, აწესრიგებს ძილს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.

 

სპეციალური ტექნოლოგიის კონტრასტული შხაპი

კონტრასტული შხაპის ექსკლუზიური ტექნოლოგია საშუალებას იძლევა ზემოქმედების ობიექტის ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად ვმართოთ ცივი და ცხელი ნაკადების პარამეტრები, ასევე კონტრასტულობის რიტმი და ტემპი. სხეულზე საშუალო წნევის წყლის მრავლობითი კონტრასტული ჭავლის ზემოქმედება აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას როგორც კანში, ასევე ქვემდებარე ქსოვილებსა და შინაგან ორგანოებში.

კონტრასტული შხაპი განსაკუთრებით ეფექტურია მიკროცირკულაციის ანუ კაპილარული სისხლმიმოქცევის გაუმჯობესებისთვის. სწორედ კაპილარული ქსელის გამართულ მუშაობაზეა დამოკიდებული ჩვენი ორგანიზმის ძირითადი სტრუქტურული და ფუნქციური ელემენტის - უჯრედის ცხოველმყოფელობა.

კონტრასტული შხაპის ძირითად ჩვენებებს განეკუთვნება: სისხლის დაქვეითებული წნევა (ჰიპოტენზია), ცელულიტი და ცხიმის სხვადასხვა ლოკალიზაციის დაგროვება; ძილის დარღვევა, სტრესული მდგომარეობა და გაღიზიანებადობა; ხერხემლის ტკივილი და იმუნიტეტის დაქვეითება. ეს მეთოდი ასევე წარმატებით გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა ზოგიერთი დაავადებისა და სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებების დროსაც.

 

სპეციალური ტექნოლოგიის აღმავალი შხაპი

აღმავალი შხაპი მნიშვნელოვან საშუალებას წარმოადგენს მცირე მენჯის ღრუს ორგანოთა მიკროცირკულაციური დარღვევების პრევენციის თვალსაზრისით, რომელთა ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი რბილ ავეჯზე ხანგრძლივი ჯდომაა.

 

ზედა კიდურების პარაფინოთერაპია

პარაფინოთერაპია ამკვრივებს, ატენიანებს, არბილებს და ამშვიდებს ხელის კანს, აშორებს მას მკვდარი უჯრედების ზედაპირულ შრეს, აწესრიგებს სისხლის მიმოქცევას. პროცედურას გააჩნია ნეიროსედაციული მოქმედებაც. 

 

ქვედა კიდურების პარაფინოთერაპია

პროცედურა ხელს უწყობს ჭარბი კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის დაშლას, აუმჯობესებს კანის ელასტიურობას და ტენიანობას, აწესრიგებს სისხლის მიმოქცევას კიდურებში. ქვედა კიდურების პარაფინოთერაპიას აქვს ანტისტრესული მოქმედება.

 

სახის კოსმეტიკური დამუშავება

გამოიყენება სახის კანის გაახალგაზრდავების, გაწმენდის, დატენიანებისა და კვების გაუმჯობესების მიზნით.

 

მაქსიფლექს პროცედურა

გამოიყენება ძვალ-სახსროვანი და კუნთოვანი სისტემის ფუნქციური მდგომარეობის და ელასტიურობის გაუმჯობესების მიზნით.

 

ტერფის მაქსიფლექს პროცედურა

ხსნის დაძაბულობას, აუმჯობესებს ტერფის სახსრების ფუნქციურ მდგომარეობას.

 

კოლხური მაქსიფლექსი

სხეულის მასაჟი ენდემური ფიტოდანამატებით სავსე  გაცხელებული ტომრებით. იგი აუმჯობესებს კანის სტრუქტურას, აქვს ანტისტრესული ეფექტი. დადებითად მოქმედებს საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაზე.

 

ჰემოლიმფოდრენაჟი

პროცედურის მიზანია ლიმფის მიმოქცევის დარღვევით განპირობებული შეშუპების მოხსნა და ლიმფური სისტემის ფუნქციური მდგომარეობის გაუმჯობესება.

 

სხეულის თერმული დამუშავება სამკურნალო მცენარეების ექსტრაქტებით

თერმულ ზემოქმედებას გამაღიზიანებელი ეფექტი გააჩნია, რაც ორგანიზმში ფიზიოლოგიური რეაქციების ინტენსიფიკაციის მეშვეობით აძლიერებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. საოფლე ჯირკვლების გაძლიერებული ფუნქციონირება უზრუნველყოფს სხეულიდან ტოქსიკური ნივთიერებების გამოყოფას. მაღალი ტემპერატურის ზემოქმედების პირობებში იზრდება ჟანგბადზე მოთხოვნილება, ღრმავდება და უმჯობესდება სუნთქვა. მაღალი ტემპერატურისა და სამკუნალო მცენარეების ექსტრაქტების ზემოქმედებით უმჯობესდება კანის ელასტიურობა და ფუნქცია. 

 

ხირომასაჟი

მასაჟი სრულდება განსაკუთრებული ტექნიკის გამოყენებით და საშუალებას იძლევა უფრო სრულყოფილად მოხდეს ზემოქმედება კუნთოვან, სახსროვან, გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემებზე. ეს სასიამოვნოდ მომადუნებელი პროცედურა ხელს უწყობს ორგანიზმის სტრესული დაძაბულობისა და დაღლილობის მოხსნას. 

 

ნეიროსედაციური მასაჟი 

ნერვულ-კუნთოვან სისტემაზე ღრმა ზემოქმედების მეთოდიკა, რომლის ძირითადი ამოცანაა სტრესულ სიტუაციებთან ბრძოლა. ამ სახის მასაჟით შესაძლებელია დაძაბულობის მოხსნა და ღრმა რელაქსაციის მდგომარეობის მიღწევა.

 

ანტიცელულიტური მასაჟი

მასაჟის მიზანია კანის მიკროცირკულაციის გაუმჯობესება, დეტოქსიკაცია, წონისა და სხეულის კორექცია.

 

თავის მასაჟი

აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას, აქვს ნეიროსედაციური და ზოგადად დამამშვიდებელი  ზემოქმედება.

 

„შთაბეჭდილებების შხაპი“ და კონტრასტული შხაპი

„შთაბეჭდილებების შხაპი“ სპა-ატრაქციონია, რომელსაც მატონიზირებელი და სარელაქსაციო მოქმედება გააჩნია. არომატული და სინათლის ეფექტები საშუალებას გაძლევთ სულ რამდენიმე წუთში სხვადასხვა კლიმატურ ზონაში იმოგზაუროთ. კონტრასტული შხაპი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ამცირებს სტრესს.

 

მარილის ოთახი

მარილის ოთახი შესანიშნავი საშუალებაა იმუნიტეტის გასაძლიერებლად. ჰალოთერაპია ასევე ამცირებს დაბინძურებული ჰაერის მავნე ზემოქმედებას სასუნთქ სისტემაზე.

 

არომათერაპია

არომატულ ეთერზეთებს, რომლებიც უნიკალური მცენარეებისგან მზადდება, მოქმედების ფართო სპექტრი გააჩნიათ. მათი ზუსტი დოზებით გამოყენება იწვევს განწყობის მყისიერ ამაღლებას, გარემოსთან სრული ჰარმონიზაციის შეგრძნებას. არომათერაპია დეპრესიის, უძილობის, ღამის კოშმარების, ნერვული დაძაბულობის, უმიზეზო შიშის, ზოგადი სისუსტის საწინააღმდეგო ეფექტური საშუალებაა.

 

ენოთერაპია

ვიტამინებით და ფიტონციდებით მდიდარი წითელი ღვინო (დღეში 150 მლ) არეგულირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს და აქვეითებს თრომბოზული გართულებების რისკს, ხოლო მასში შემავალი ფიტოესტროგენები (ქალის ჰორმონის მცენარეული ანალოგი) კრიტიკულ პერიოდში ქალთა ახალგაზრდობის  და სილამაზის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. ქართული ვაზის ენდემური ჯიშებისგან დაწურული ღვინოები ასევე განსაკუთრებით მდიდარია პოლიფენოლებით - მძლავრი ანტიოქსიდანტებით, რაც კიდევ უფრო უსვამს ხაზს ენოთერაპიის მნიშვნელობას ოქსიდაციურ სტრესთან ბრძოლის პროცესში.