საქართველო

საქართველო საოცარი კონტრასტების და განუმეორებელი კოლორიტის მქონე ქვეყანაა, რომელიც მოგზაურებისთვის საოცნებო დანიშნულების ადგილად იქცა.

ულამაზესი პეიზაჟები, კლდეში ნაკვეთი ქალაქები, ქართული პოლიფონიური მუსიკა და კერძები, რომლის გემოსაც ვერასოდეს დაივიწყებთ — ეს საქართველოა, ქვეყანა, რომელიც ათასწლეულების განმავლობაში, დიდი ცივილიზაციების გზაჯვარედინზე მდებარეობდა. სწორედ ამით აიხსნება ის კულტურული მრავალფეროვნება, რომელიც რთულია რაიმეს შეადარო. მზიანი, თბილი, სტუმართმოყვარეობით განთქმული ქვეყანა (რომელიც, ამავე დროს, ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ადგილადაა მიჩნეული) მნახველზე პირველივე წუთებიდან ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს.

საქართველო ევროპული ცივილიზაციის ერთ-ერთი უძველესი აკვანია და გასაკვირი არ გახლავთ, რომ ბევრ სფეროში დარგის ფუძემდებლად ითვლება. ის მეღვინეობის სამშობლოდ არის აღიარებული — ღვინის წარმოების უნიკალური ტრადიცია აქ 8000 წელზე მეტს ითვლის. საქართველო სამართლიანადაა მიჩნეული ოქროს წარმოების და მეფუტკრეობის სამშობლოდაც. აღსანიშნავია, რომ ისტორიული ფაქტები მდიდარ სამედიცინო ტრადიციებზეც მიუთითებს - ტერმინი „მედიცინა“ სწორედ ქართველი ისტორიული პერსონაჟის — კოლხი მედეას სახელთანაა დაკავშირებული.

ქვეყანას უძველესი ველნეს ტრადიციები გააჩნია. ენოთერაპია ოდითგანვე გახლდათ აქაური კულტურის განუყოფელი ნაწილი. გარდა იმისა, რომ საქართველო კლიმატური კურორტების ქვეყანაა, ის ცნობილია სამკურნალო მინერალური წყლების და სამკურნალო ტალახების (პელოიდების) მრავალფეროვნებითაც. გარდა ამისა, ქვეყნის მთიანი ნაწილი მდიდარია იშვიათი ფიტორესურსებით, რომლებიც ტრადიციულ კერძებში დიდი რაოდენობით გამოიყენება. ფერებისა და არომატების სრულ გამასთან გაცნობა არტ-თერაპიის ტოლფასია, რომელიც კულტურული ძეგლებით მიღებულ სიამოვნებას არაფრით ჩამოუვარდება.