ჯანსაღი კვება

კურორტის თითოეული სტუმრისთვის რაციონი შეირჩევა ინდივიდუალურად, სამედიცინო დიაგნოსტიკის საფუძველზე. პირველ რიგში, ანალიზების საფუძველზე დგინდება ორგანიზმის ინდივიდუალური მოთხოვნილებები, რის შემდეგაც განისაზღვრება ოპტიმალური მენიუ გაჯანსაღებისა და სასიცოცხლო ფუნქციის გასაუმჯობესებლად.

ნატურალური, ჯანსაღი პროდუქტები, რომელთა ნაწილიც თავად ბიოლის ფერმაშია მოყვანილი, ადამიანის ორგანიზმს სასიცოცხლოდ აუცილებელი ელემენტებით ამარაგებს. ფუნქციონალური კვება წარმოადგენს შესანიშნავ წინაპირობას იმუნიტეტის გასაძლიერებლად და დადებითად მოქმედებს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ სტატუსზე. 

ენდემური ფიტორესურსებით გამდიდრებული რაციონი ორგანიზმზე მძლავრ ანტიოქსიდაციურ ეფექტს ახდენს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლასა და იმუნურ სისტემას და დეტოქსიკაციური მოქმედებაც გააჩნია. კვებითი დანამატები ინდივიდუალურად შეირჩევა - მენიუს გასამდიდრებლად, თერაპიული დანიშნულებით გამოიყენება დრესინგები (სოუსები), რომლებიც მზადდება პიტნისგან, რუკოლისგან, ბაბუაწვერას ყვავილის ფოთლებისგან, თავშავასგან, ომბალოსგან, ქინძისგან, ვარდკაჭაჭისა და ქაცვისგან.

სტუმარს ასევე საშუალება აქვს დააგემოვნოს ბიოლის რამდენიმე სახეობის ნაყენი. თითოეული სამკურნალო მცენარეების ნაზავია და განუმეორებელი ბუკეტით გამოირჩევა.

კრებული „დეტოქსი“ ორგანიზმს მავნე ელემენტებისგან ასუფთავებს, „იმუნოჩაი“ აძლიერებს დასუსტებულ იმუნიტეტს, „რელაქსი“ და „ანტისტრესი“ კი დაძაბულობის მოხსნის საუკეთესო საშუალებაა.

ენოთერაპია

ღვინის ქვევრში დაყენების უნიკალური მეთოდით, ექსკლუზიურად ბიოლისთვის, გაძლიერებული ანტიოქსიდანტური მოქმედების მქონე და მიკროელემენტებით გამდიდრებული ბიოლოგიური ღვინოები მზადდება.

ვიტამინებით და ფიტონციდებით მდიდარი წითელი ღვინო (დღეში 150 მლ) არეგულირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს და აქვეითებს თრომბოზული გართულებების რისკს, ხოლო მასში შემავალი ფიტოესტროგენები (ქალის ჰორმონის მცენარეული ანალოგი) კრიტიკულ პერიოდში ქალთა ახალგაზრდობის  და სილამაზის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. ქართული ვაზის ენდემური ჯიშებისგან დაწურული ღვინოები ასევე განსაკუთრებით მდიდარია პოლიფენოლებით - მძლავრი ანტიოქსიდანტებით, რაც კიდევ უფრო უსვამს ხაზს ენოთერაპიის მნიშვნელობას ოქსიდაციურ სტრესთან ბრძოლის პროცესში.