ძილი და მეტაბოლიზმი

1 თებერვალი 2024 ბლოგი

ხარისხიანი ძილი წონაში კლების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. მრავალი კვლევის შედეგად დასტურდება, რომ ძილის დარღვევები (უძილობა, ძილის აპნოე) იწვევს ისეთ წამყვან დაავადებებს, როგორიცაა: სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია და სხვა.  

სიმსუქნის განვითარების ერთ-ერთი მექანიზმია მეტაბოლიზმის (ნივთიერებათა ცვლის) ფუნქციის მოშლა. მაძღრობის და შიმშილის ცენტრის დისრეგულაცია იწვევს საკვებისადმი გადაჭარბებულ მოთხოვნილებას, მადის გაზრდას და მაძღრობის შეგრძნების აღქმის დაქვეითებას, რის შედეგადაც ხდება საკვების ჭარბად მოხმარება და საბოლოოდ ვითარდება სიმსუქნე.  

კვლევები ასევე ადასტურებს, რომ უძილობა კავშირშია საკვები პროდუქტების არჩევანთან. ადამიანების ის ნაწილი, ვისაც აქვს ძილის დარღვევები, უპირატესობას ანიჭებს მაღალკალორიულ საკვებს, ნახშირწყლებს და სწრაფი კვების ობიექტებს.  

სრულფასოვანი ძილის შედეგად გამოწვეული ენერგიის ნაკლებობა კიდევ ერთი მიზეზია ფიზიკური აქტივობის შესამცირებლად, რაც ასევე წარმოადგენს სიმსუქნის რისკ-ფაქტორს.  

წონის კლების რუტინაში ძილს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ძილის ხარისხის გასაუმჯობესებლად სასურველია ძილის ჰიგიენის დაცვა:  

  • ძილ-ღვიძილის მუდმივობის შენარჩუნება - შეეცადეთ დაიძინოთ და გაიღვიძოთ ერთსა და იმავე დროს (დასვენების დღეების ჩათვლით); 
  • საძინებელ ოთახში უნდა იყოს სიმშვიდე, სიბნელე და კომფორტული ტემპერატურა;  
  • საძინებელი ოთახიდან გაიტანეთ ტელევიზორი, მობილური ტელეფონი და ნებისმიერი ელექტრონული მოწყობილობა, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს ძილის პროცესს;  
  • დაძინების წინ მოერიდეთ საკვების დიდ ულუფას, კოფეინს და ალკოჰოლს;  
  • დღის განმავლობაში ფიზიკური აქტივობა დაგეხმარებათ საღამოს მარტივად ჩაძინებაში. 

ხარისხიანი ძილი მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობის აუცილებელი კომპონენტია. თუ თვლით, რომ ძილის ჰიგიენის გათვალისწინების მიუხედავად, მაინც გაქვთ ჩაძინების პრობლემა, ან გეღვიძებათ მარტივად და ვეღარ იძინებთ, სასურველია ჩაიტაროთ ძილის დიაგნოსტიკა და კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.  

 

ნინო ნაკაშიძე,

ენდოკრინოლოგი, ბიოლის მთავარი ექიმი